კვლევის აქტუალობა
კვლევის აქტუალობის დასაბუთება
ორნიშნა რიცხვების ნუმერაციის შესწავლას,
მათზე მოქმედებებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სასკოლო მათემატიკის კურსში, რადგან მას აქვს განსაკუთრებული
მნიშვნელობა შემდგომში პირველი ათასეულის შესწავლისას. კერძოდ, პირველი ასეული რიცხვების
შესწავლაზეა დამოკიდებული პირველი ათასეული რიცხვების შესწავლაც. ათასეულის შესწავლა
კი საფუძველს უყრის უფრო დიდი რიცხვების სწავლას. თუ მოსწავლემ კარგად არ გაიაზრა ერთეულისა და ათეულის ცნებები, მას შემდგომში გაუჭირდება
ასეულის და ათასეულის ცნებების გააზრება. ანუ, ზოგადად, ათეული პოზიციური სისტემის
გააზრება. ჩემმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ მოსწავლეების მიერ ორნიშნა
რიცხვების ჩაწერა-წაკითხვა მათ მექანიკურ დამახსოვრებაზეა ორიენტირებული. ეს კი გარკვეულწილად
მოქმედებს დიდი რიცხვების ჩაწერა-წაკითხვაზე: თუ, მაგალითად, მილიონამდე ან მილიონზე
მეტი რიცხვების სიტყვიერ ჩანაწერში გამოტოვებულია რომელიმე თანრიგი, მოსწავლეები ვეღარ
წერენ ამ რიცხვებს. ამიტომაა, მასწავლებელმა სწავლების პროცესში უნდა უზრუნველყოს ისეთი
აქტივობებისა და მეთოდების გამოყენება, რომელიც უზრუნვეყოფს ორნიშნა რიცხვების ნუმერაციის შესწავლას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის უნდა დაიგეგმოს ისეთი
ტიპის აქტივობები, რომელიც უზრუნვეყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას საკითხის სიღრმისეული შესწავლისათვის.
პრობლემის თეორიული განვითარების ხარისხი.
1960-იან წლებში აღმოჩნდა, რომ თბილისელი ქართველი მესამეკლასელები
არითმეტიკაში ჩამორჩებიან თანატოლ არაქართველ თბილისელებს8. [8] ეს ჩამორჩენა
მომდევნო კლასების განმავლობაშიც იჩენდა თავს. სამწუხაროდ, ახლაც ასეთივე ვითარებაა.
რატომ ხდება ასე?
რიცხვთა ჩაწერის სისტემა ათობითია. ანუ რიცხვის ჩანაწერს
განსაზღვრავს თუ რამდენი ერთეული, ათეული, ასეული, ათასეულია და ა.შ. მსოფლიო ენათა
დიდ უმრავლესობაში (ისევე როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ენები - რუსული, აზერბაიჯანული,
სომხური, ოსური, ებრაული, ირანული, თურქული და სხვა ევროპული ენები) „თვლის თითქმის
წმინდად ათობითი სისტემაა (მცირე გამონაკლისის გარდა). წმინდად ათობითია რიცხვების
ციფრული ჩანაწერიც“ 9 [9], ხოლო
ქართულში ათობით-ოცობითია. ანუ ორი ფუძეა - 10 და 20. ასზე ნაკლებ რაოდენობაში ქართული
ენა ჯერ გამოყოფს ოცეულებს, შემდეგ კი დანარჩენ ერთეულებს. მაგალითად, როდესაც მოსწავლეს
ესმის ოთხმოცდათოთხმეტი, ჯერ გამოყოფს 4 ოცეულს, შემდეგ ათს და ბოლოს დარჩენილ ერთეულებს
- 4-ს. თუმცა წერას იწყებს 9-იანით. შესაძლებელია
მან დაწეროს 44, ან (იშვიათად, მაგრამ მაინც უკვე მესამე კლასში) – 414.
ამიტომ პირველი ასეული რიცხვების შესწავლას უდიდესი
მნიშვნელობა აქვს თვლის პოზიციური სისტების, კერძოდ, ათობითი პოზიციური სისტემის შესწავლაში. მასწავლებლის დამხმარე წიგნებში (სასწავლო მეთოდოლოგიურ
ლიტერატურაში) ავტორების მიერ განხილულია სხვადასხვა აქტივობები და მეთოდები, რომლებიც
ხელს უწყობს მოსწავლეებმა წარმატებით შეისწავლონ ორნიშნა რიცხვები, თუმცა ეს მეთოდიკური
მითითებები არასაკმარისია, რადგან მიუხედავად მეთოდიკური მითითებებისა, მოსწავლეებს
მაინც უჭირთ 100-მდე რიცხვების ჩაწერა-წაკითხვა და მათზე დამოკიდებული მოქმედებების
გამოყენება სხვადასხვა ამოცანების ამოხსნისას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გამოვლენილია კვლევის ობიექტი, კვლევის საგანი და კვლევის
მიზანი.
Комментариев нет:
Отправить комментарий